საზოგადოება
21.03.2024 15:35
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

2012 წლის 21 მარტიდან, ყოველ წელს აღინიშნება ტყის საერთაშორისო დღე. თარიღი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ დაადგინა.

ამ დღის მიზანი საზოგადოებაში ტყეების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.

სტატისტიკური მონაცემებით, ტყეები მთელი ხმელეთის 30%-ზე მეტ ნაწილს ფარავს და 60 000-ზე მეტ ხის ჯიშს აერთიანებს, რომელთაგან ბევრი სახეობა ჯერ კიდევ შესასწავლია.

ტყე ამარაგებს მსოფლიოს მოსახლეობის 1.6 მილიარდზე მეტ ადამიანს საკვებით, წყლით და მედიკამენტებით.

მიუხედავად იმისა, რომ ტყეები კრიტიკულ როლს ასრულებენ კლიმატის ცვლილებებში (გლობალური დათბობა), სტატისტიკა აჩვენებს, მსოფლიოს მასშტაბით, ყოველ წელს, 13 მილიონამდე ჰექტარი ტყე ნადგურდება.

„სახელმწიფოსთვის პრიორიტეტულია საქართველოს უნიკალური ბუნებრივი სიმდიდრის - ტყის დაცვა. შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ტყის მოვლა-აღდგენითი ღონისძიებები. 2024 წელს ტყე 1500 ჰა ფართობზე გაშენდა, 2030 წლისთვის კი - დაახლოებით 20 000 ჰა ფართობზეა დაგეგმილი“, - აცხადებენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კვირის ამბები