მიმდინარე წლის 1-ელი მაისიდან ყოფილი სამართალდამცავების პენსია 1000 ლარამდე გაიზრდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ყოფილი სამართალდამცავებისთვის პირველად, იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტი გაიზრდება 1000 ლარამდე.
„გასულ წელს პარლამენტს წარედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს ძალოვანი უწყებებიდან დათხოვნილ მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესებას. მინდა დეტალურად განვმარტო, რომ 2006 წლის შემდეგ, პირველად, კომპენსაციის მიმღები ყველა პირისთვის იზრდება პენსიის მაქსიმალური ზღვარი და დღეს არსებული 560 ლარიანი ლიმიტის ნაცვლად იქნება 1000 ლარი. ამასთან პოლიციელის გარდაცვალების შემთხვევაში ოჯახისთვის, დადგენილი ყოველთვიური პენსიის ოდენობა 1000 ლარის ნაცვლად იქნება 1200 ლარი. აღნიშნული ცვლილება შეეხებათ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილი პოლიციელების ოჯახის წევრებს.
კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების შესაბამისად, საკანონმდებლო განხილვების დასრულების შემდეგ, აღნიშნული ცვლილებები 2024 წლის პირველი მაისიდან ამოქმედდება“, - აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა.