21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. თარიღი 2011 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით დაწესდა და მიზნად ისახავს დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების ღირსებისა და უფლებების დაცვას, მათ მონაწილეობას აქტიურ ცხოვრებაში და ამ კუთხით საზოგადოების ცნობიერების ზრდას. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ყოველ წელს, მსოფლიოში, 3000-5000-მდე ბავშვი იბადება ამ ქრომოსომული პათოლოგიით. ცნობისთვის, თარიღი პირველად აღინიშნა 2006 წელს.
დაუნის სინდრომის ასოციაციებმა ბრაზილიაში იმუშავეს საერთაშორისო დაუნის სინდრომის ორგანიზაციასთან და მათ წევრებთან ერთად წამოიწყეს კამპანია გლობალური მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
რეზოლუცია ამ დღის ოფიციალურად აღნიშვნის შესახებ 2011 წლის ნოემბერში მიიღეს და 21 მარტი გამოცხადდა დაუნის სინდრომის მსოფლიო დღედ.
მსოფლიოში ყოველი 800-დან 1 ბავშვი დაუნის სინდრომით, ანუ გენეტიკური ცვლილებით (21-ე ქრომოსომის გასამებით) იბადება. დაუნის სინდრომი, პირველად 1866 წელს ბრიტანელმა მეცნიერმა ჯონ ლენგდონ დაუნმა აღწერა.