„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონით გათვალისწინებული ცვლილებების შესახებ, გორში შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე, ასევე, შიდა ქართლის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის, გორის, კასპის, ქარელის, ხაშურის თვითმმართველობებში (მერია/საკრებულო) პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით დასაქმებული შესაბამისი პასუხისმგებელი პირები ესწრებოდნენ.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საჯარო სექტორის ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ქეთევან კრაწაშვილმა, გეგმური ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა სოფიო შამუგიამ და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსმა ია ყიფიანმა კანონით გათვალისწინებული ცვლილებები დეტალურად განიხილეს, ასევე, საჯარო სექტორში დასაქმებულ პირებს წარუდგინეს რეკომენდაციები საჯარო დაწესებულებებისთვის ახალ კანონთან თავსებადობის მიზნით, შიდაუწყებრივი სამართლებრივი აქტების გამოცემა-განახლების თაობაზე.
შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა და დამსწრე საზოგადოებამ, მათთვის საინტერესო საკითხებზე, დეტალური ინფორმაცია მიიღო.
შეგახსენებთ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის ძირითადი ნაწილი ძალაში 2024 წლის 1 მარტს შევიდა. ახალმა კანონმა საჯარო დაწესებულებებს და რიგ კერძო ორგანიზაციებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის დანიშვნის, ან განსაზღვრის ვალდებულებაც დაუწესა.
აღნიშნული სიახლე კი ძალაში 1 ივნისიდან შედის.