საზოგადოება
04.03.2020 15:23
გორში სასწრაფო დახმარების სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ჭონქაზის ქუჩაზე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ახალი შენობა გაიხსნა. საერთაშორისო სტანდარტების მქონე შენობა სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკის გათვალისწინებითაა დაპროექტებული და სრულად არის აღჭურვილი თანამედროვე ინვენტარით. ადმინისტრაციული ოფისი ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიგი ხოჯევანიშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა გახსნეს.

გიგი ხოჯევანიშვილი, შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი: „გორის მუნიციპალიტეტში გაიხსნა სასწრაფო დახმარების ახალი შენობა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამიერიდან, მედპერსონალს თანამედროვე სტანდარტების ინფრასტრუქტურით სარგებლობის საშუალება ექნება და ბუნებრივია, აქ დასაქმებულთა ეფექტური საქმიანობა ჩვენი ქალაქის და რეგიონის მოსახლეობის კეთილდღეობაზე პირდაპირ აისახება“.

კონსტანტინე თავზარაშვილი, გორის მუნიციპალიტეტის მერი: „ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მუნიციპალიტეტში გავხსენით ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სამედიცინო დაწესებულების შენობა და მედპერსონალს სამუშაოდ ღირსეული პირობები შეექმნა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი მომავალში მეტი ენთუზიაზმით შეუდგებიან საქმიანობას და ბევრ ჩვენ თანამოქალაქეს კვალიფიციურად მოემსახურებიან“.

შეგახსენებთ, რომ ბოლო პერიოდში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური სუხიშვილის ქუჩაზე, ერთ-ერთი მრავალსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე იყო განთავსებული, რაც თანამედროვე მოთხოვნების გათვალისწინებით მიუღებელია

„2008 წლის 9 აგვისტოდან, ჩვენ, ფაქტობრივად, ვიყავით ხიზნად, იმიტომ, რომ დაიბომბა შენობა, სადაც სასწრაფო დახმარების გამოძახების ოფისი იყო განთავსებული. სხვადასხვა დროს, ორჯერ - „გორმედში“, შემდეგ - ჰოსპიტალის შენობაში გადავედით. ჩვენი ძველი ოფისის გარემონტების შემდეგ კი, ხუთსართულიანი კორპუსის პირველ სართულზე დავბრუნდით, მაგრამ რეგულირების სამსახურის რეკომენდაციით, ეს იყო დარღვევა და დაწესებულება უნდა ყოფილიყო იზოლირებული. დღესდღეობით, არაჩვეულებრივი ახლადაშენებული შენობა გადმოგვეცა. მოსაგვარებლად დარჩენილია მხოლოდ წვრილმანი დეტალები რომლებსაც ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით თანდათან შევავსებთ“, - აღნიშნა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა თემურ თანიაშვილმა.

ცნობისთვის, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს. პროექტი ქვეყანაში გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

კვირის ამბები