განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრმა (EDEC) გორში ახალი პროექტის პრეზენტაცია გამართა.
პროექტის - „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ პრეზენტაციას განათლების, კერძო სექტორის, მედიის, სამოქალაქო ორგანიზაციების, სამთავრობო ინსტიტუტების, ხელისუფლების პროფესიული სასწავლებლის - „განთიადის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
დაინტერესებულ მხარეებს დაგეგმილი საქმიანობა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა გააცნო.
ნათია ნამიჭეიშვილის თქმით, 30-თვიანი პროექტი მიზნად ისახავს სოციალური სამეწარმეო ეკოსისტემის გაძლიერებით და პროფესიული სწავლებით ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას.
მხარს უჭერს, ასევე, საპილოტე პროფესიული სასწავლებლების სასწავლო გეგმებში სოციალური მეწარმეობის თემის ინტეგრირებას; მასწავლებელთა უნარების გაძლიერებას სოციალური მეწარმეობის სწავლების და სტუდენტური სოციალური საწარმოებისთვის საჭიროებაზე დაფუძნებული მხარდაჭერის დამოუკიდებლად უზრუნველსაყოფად; ახალგაზრდებში სოციალური მეწარმეობის პოპულარიზაციას და სოციალური მეწარმეობის სასწავლო კურსით შეძენილი ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენებას.
„სოციალური მეწარმეობის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, ამ თემას აქტიურად ვუწევთ პოპულარიზაციას. მონაწილეობა მიგვიღია არაერთი სოციალური საწარმოს განვითარებასა და დაფუძნებაში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ პროფესიულ სასწავლებლებზეც, თუმცა, მათთან უშუალოდ სოციალური მიმართულებით მუშაობა, საპილოტეა. გორში, ამ კუთხით კოლეჯი „განთიადი“ პროფესიული სასწავლებლის საპილოტე სტატუსით მიიღებს მონაწილეობას“, - აღნიშნა „გორის მაცნესთან“ EDEC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ნათია ნამიჭეიშვილმა.
ცნობისთვის, აღნიშნული პროექტი შიდა ქართლის და იმერეთის რეგიონში საპილოტედ შერჩეულ ოთხ პროფესიულ სასწავლებელში - კოლეჯი „განთიადი“, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის „პროფესიული განათლების ცენტრი“, კოლეჯი „იბერია“ და სამშენებლო კოლეჯი „კონსტრუქტ2“ განხორციელდება.
პროექტს „სოციალური მეწარმეობის უნარების გაძლიერება პროფესიულ სასწავლებლებში“ ახორციელებს განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი, Childfund Deutschland E.V, (გერმანია) პარტნიორობით, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით.