გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო მოქალაქეებს სოციალური პასუხისმგებლობის გამოჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.
ამჯერად, სააგენტოს დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებმა ბარნოვის ქუჩაზე მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დაბიძურებული სანიაღვრე არხის კოლექტორი გაწმინდეს.
სააგენტოს ცნობით, სისტემაში წარმოქმნილი საცობის გამო, წყალი შეფერხებით გაედინებოდა. დაბინძურებული სანიაღვრეები კი ამცირებს სისტემის გამტარიანობას, რაც უხვი ნალექის პირობებში მიმდებარე ტერიტორიების დატბორვას იწვევს.
„კოლექტორში, გრუნტთან ერთად, დიდი რაოდენობით საყოფაცხოვრებო ნარჩენი (პლასტმასის ბოთლები, პოლიეთილენის პარკები და ა.შ.) აღმოჩნდა. კეთილმოწყობის სააგენტოს შესაბამისი სამსახური პერიოდულად ასუფთავებს სანიაღვრე სისტემას. მიუხედავად ამისა, ქალაქის სხვადასხვა ქუჩაზე პრობლემები ხშირად იქმნება. გთხოვთ, ნუ დააბინძურებთ სანიაღვრე არხებს. ეს მნიშვნელოვნად შეამცირებს იმ სირთულეებს, რომლებიც სისტემის გამტარიანობას უკავშირდება“, - აღნიშნულია კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.