საზოგადოება
19.03.2024 11:29
ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება - ირაკლი კობახიძე

განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება,- ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში მომზადდება.

„ინოვაციური ეკოსისტემის შემდგომი გაძლიერებისთვის ძალზე მნიშვნელოვანია ახალი ინიციატივები, მინდა გამოვყო გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის განვითარებაში. საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში დაინიცირდება საქართველოს მთავრობის მიერ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირის ამბები