საზოგადოება
18.03.2024 15:05
თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში  18-დან 35 წლის ჩათვლით საქართველოს მოქალაქეებს იწვევს.

უწყების ინფორმაციით, საკონტრაქტო სამსახურის გავლის მსურველმა მოქალაქემ უნდა გაიაროს რეგისტრაცია, ხოლო საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე ჩარიცხვის დღიდან, მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან კვებით, სამხედრო ფორმით (საველე აღჭურვილობით), განთავსებით, მაღალი დონის სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი გარანტიებით.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ოთხწლიან საკონტრაქტო სამსახურში, ასევე, იწვევს საქართველოს მოქალაქეებს 45 წლის ჩათვლით, სხვადასხვა სპეციალობაზე დასანიშნად.

როგორც თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რიგითის მინიმალური დარიცხული ხელფასი შეადგენს 1 770 ლარს, ხოლო ანაზღაურება იზრდება წოდების, თანამდებობის და სამხედრო სტაჟის გათვალისწინებით. ერთჯერადი დანამატი პირველი ოთხწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ 8 000 ლარი, ხოლო მომდევნო კონტრაქტების დასრულების შემდეგ: ორწლიანი კონტრაქტისას – 6 000 ლარი, ოთხწლიანი კონტრაქტისას – 16 000 ლარი.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაცია წარმოებს ონლაინ საიტზე – mod. gov. ge/onlinebct. mod. gov.ge, ასევე, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში.
კვირის ამბები