საზოგადოება
17.03.2024 18:19
ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

ისლანდიის სამხრეთ ნაწილში, რეიკიანესის ნახევარკუნძულზე, ქალაქ გრინდავიკთან ახლოს ვულკანი ამოიფრქვა, რის გამოც, ისლანდიის ამ ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე ვულკანი ორი თვის წინაც ამოიფრქვა, რა დროსაც, საფრთხის მაღალი მაჩვენებლის გამო, ქალაქ გრინდავიკის მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა, ერთი თვის წინ კი, მხოლოდ მოსახლეობის ნაწილს, 4 000-მდე მცხოვრებს მისცეს ქალაქში დაბრუნების უფლება.

რაც შეეხება დედაქალაქს, რეიკიავიკი ვულკანიდან 80 კმ. მანძილში მდებარეობს, თუმცა, შემთხვევის ადგილთან გაცილებით ახლოსაა ისლანდიის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული - გეოთერმული სპა ლურჯი ლაგუნა, სადაც მუდმივად ტურისტების სიმრავლეა. ისლანდიის თავდაცვის სამსახურის ინფორმაციით, ლაგუნის ტერიტორიიდან უკვე განხორციელდა 600-მდე ადამიანის ევაკუაცია.

ცნობისთვის, ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევა ყოველ 5-10 წელიწადში ერთხელ ხდება, ყველაზე აქტიური ვულკანის - გრიმსვეტნის ამოფრქვევა კი 1783 წელს შვიდი თვის განმავლობაში გაგრძელდა, რამაც გამოიწვია შიმშილი და ისლანდიის მოსახლეობის 20 პროცენტით შემცირება.

კვირის ამბები