დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი გოგონების და ქალებისთვის გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტო ახალ პროექტს - ,,ქართული რეწვა დასაქმებისთვის“ იწყებს.
პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირები (17 წლიდან) ხალხური რეწვის სასწავლო მინი გალერეაში თექის, კერამიკის და ფარდაგების ქსოვის უფასო სამთვიან კურსს გაივლიან.
„პროექტის მიზანი დასაქმების და განათლების მიღმა მყოფი ქალების და გოგონებისთვის ახალი საქმიანობის შესწავლის გზით დასაქმების შესაძლებლობების გადაცემაა.
კურსის გავლის შემდეგ, საქმიანობის საწყის ეტაპზე კურსდამთავრებულებს საშუალება ექნებათ, თექის, კერამიკის და ფარდაგების პროტოტიპები და ნიმუშები ტურიზმის განყოფილების მინი გალერეაში უსასყიდლოდ დაამზადონ, ასევე, მონაწილეობა მიიღონ განვითარების სააგენტოს მიერ ორგანიზებულ ღია ბაზრობებში. კურსდამთავრებულებს დავეხმარებით, მეწარმეობის განვითარების სახელმწიფო პროგრამებში ჩართვაშიც.
პროექტში ჩართული პირები შეძლებენ დასაქმების კომპეტენციები პარტნიორი ორგანიზაციის - ,,კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ პროექტის („ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“) ფარგლებშიც განივითარონ“, - ნათქვამია გორის მუნიციპალიტეტის განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კურსის მონაწილეები შეირჩევიან შევსებული აპლიკაციებისა და გასაუბრების საფუძველზე. პროგრამაში მონაწილეობის აუცილებელი კრიტერიუმია, დაინტერესებული პირი კურსის მიმდინარეობის პერიოდში არ მუშაობდეს.
აპლიკაციის შევსება შესაძლებელია 2024 წლის 1-ელი აპრილის ჩათვლით. მეტი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ნომერზე: 574 112913