რეგიონებში თანამედროვე ქართული იდენტობის და კულტურის შესახებ ცნობადობის ამაღლების მიზნით, გორის ხელოვნების სახლში შეხვედრა გაიმართება.
საქართველოს პენცენტრის და ხელოვნების სახლის ინიციატივით გამართული ღონისძიების ფარგლებში, თემაზე - „მითები და ლეგენდები საბჭოთა საქართველოზე“, ისტორიკოსები ლაშა ბაქრაძე და ირაკლი ხვადაგიანი ისაუბრებენ.
„საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 30 წელზე მეტი გავიდა, უკვე გაიზარდნენ საქართველოში თაობები, რომლებიც საბჭოთა ხანას არ მოსწრებიან და ბევრიც არაფერი იციან იმ დროზე. მაგრამ მითები და ლეგენდები საბჭოთა წყობასა და ბელადებზე, განსაკუთრებით, სტალინზე, დღესაც ცოცხლობს. როგორ იქმნებოდა ეს მითები საბჭოთა სპეცსამსახურების და პროპაგანდის მიერ, რატომ აღმოჩნდა ასეთი სიცოცხლისუნარიანი, როგორ უშლის ისინი ხელს საქართველოში მოდერნიზებულ, ევროპულ აზროვნებას და რა გზები არსებობს მათთან გასამკლავებლად - დისკუსიაზე, მომხსენებლები შეეცდებიან იპოვონ პასუხები ამ კითხვებზე“, - აცხადებენ შეხვედრის ინიციატორები.
შეხვედრა პროექტის ფარგლებში - „საქართველო - ევროპული იდენტობის ძიებაში“ ჩატარდება და როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, აქტიურად არიან ჩართულნი
მწერლები, ჟურნალისტები, მეცნიერები და სამოქალაქო აქტივისტები. ესაა დისკუსიების ციკლი, რომლებიც გაიმართება საქართველოს რეგიონებში.
შეხვედრა 16 მარტს, გორის ხელოვნების სახლში 16:00 საათზეა ჩანიშნული.