საზოგადოება
04.03.2020 12:33
დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული 13 ახალგაზრდა კვალიფიციური მზარეული სხვადასხვა ობიექტზე დასაქმდება
გორში, მზარეულის დუალური პროფესიული კურსის მონაწილეთა სერტიფიცირება გაიმართა. მზარეულის დუალური პროფესიული მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების სასწავლო პროგრამის მსმენელები პროექტის კოორდინატორებმა და პოტენციურმა დამსაქმებლებმა შეაფასეს.
პროფესიული პროგრამის მიზანი მონაწილეებისთვის მზარეულის პროფესიული კვალიფიკაციის შესაბამისი ცოდნისა და უნარების განვითარება იყო. კურსდამთავრებულებისთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების შემდეგ, აღნიშნული პროგრამა სხვადასხვა კვების ობიექტში მათ დასაქმებასაც ითვალისწინებს.
„მზარეულის პროფესიის შემსწავლელ 300 საათიან სასწავლო პროგრამაში 13-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა, რომელთაც შესაბამისი სერტიფიკატები გადაეცათ. ამის შემდეგ, ისინი სამთვიან ანაზღაურებად სტაჟირებას სხვადასხვა კვების ობიექტებზე გაივლიან, რათა კიდევ უფრო უკეთ განივითარონ პროფესიული უნარები და შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანები გახდნენ“, - აღნიშნა GMnews-თან კარიერის დაგეგმვის კონსულტანტმა ნინო მეგრელიშვილმა.
მეგრელიშვილის თქმით, სასწავლო პროგრამა პროექტის – „ევროკავშირი ახალგაზრდებისთვის - ახალგაზრდების განათლების, დასაქმებისა და ჩართულობის ხელშეწყობა საქართველოსა და უკრაინის კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში“ ფარგლებში ხორციელდება. მიზანი კი, იძულებით გადაადგილებული და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ახალგაზრდების საარსებო წყაროების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობა, ასევე, განათლების, დასაქმებისა და სამეწარმეო საქმიანობებში მათი ჩართვის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.
აღნიშნული პროექტი ლტოლვილთა დანიის საბჭოსა (DRC) და განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
კვირის ამბები