საქართველოს ავიაბაზარზე ფრენებს ორი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია - Transavia და AJET იწყებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს,
ავიაციის სააგენტოს ცნობით, ფრენები 2024 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დაიწყება. ნიდერლადების სამეფოს დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Transavia რეგულარულ საჰაერო მიმოსვლას ამსტერდამიდან თბილისის მიმართულებით განახორციელებს, თურქული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია AJET კი რეგულარულ რეისებს სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის ხაზზე შეასრულებს.
,,ავიაკომპანია Transavia-ს მიერ, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი ფრენის განრიგის შესაბამისად, ამსტერდამი - თბილისი - ამსტერდამის მიმართულებით ავიარეისები 2024 წლის 20 აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
რაც შეეხება ავიაკომპანია AJET-ს, იგი სტამბოლი - თბილისი - სტამბოლის საჰაერო ხაზზე ფრენებს 2024 წლის 31 მარტიდან ოქტომბრის ბოლომდე, ყოველდღიურად განახორციელებს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.