საზოგადოება
12.03.2024 16:07
მარტი მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა

მარტი - მსხვილი ნაწლავის კიბოს ცნობადობის ამაღლების თვეა და მსოფლიოში „ლურჯი მარტის“ სახელითაა ცნობილი.

ტერმინი „ლურჯი მარტი“ ამერიკის მოქალაქეს ანიტა მიტჩელს ეკუთვნის, რომელმაც 2006 წელს მსხვილი ნაწლავის კიბო დაამარცხა და აღნიშნული კამპანია მის სახელს უკავშირდება.

კოლორექტალური კიბო, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბო - მსხვილი ნაწლავის, სწორი ნაწლავის და ანალური არხის ეპითელური სიმსივნეების ერთობლიობას მოიცავს და საქართველოში ავთვისებიან სიმსივნეებს შორის გავრცელების თვალსაზრისით, მესამე ადგილს იკავებს.

აღნიშნული დიაგნოზით გამოწვეული სიკვდილიანობა კი მეოთხე ადგილზეა. მედიკოსების თქმით, დაავადების პრევენცია შესაძლებელია და რაც უფრო დროულად აღმოვაჩენთ მას, მით უფრო მეტია სრულად გამოჯანმრთელების შანსი.

ადრეულ სტადიებზე აღმოჩენილი დაავადების შემთხვევაში კი, ქირურგიული ჩარევით, პაციენტთა 50%-ის სრულად გამოჯანმრთელებაა შესაძლებელი.

„კიბოსწინა პოლიპს სჭირდება 10-15 წელი, რომ კიბოდ ტრანსფორმირდეს. გეგმიური სკრინინგით აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმებს შეუძლიათ, პოლიპი იქამდე მოკვეთონ, ვიდრე ის კიბოდ გარდაიქმნება“, - აცხადებენ მედიკოსები.

შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით, ეროვნული პროგრამის ფარგლებში, კოლორექტალური კიბოს, ანუ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი 50-დან 70 წლის ჩათვლით მოსახლეობისთვის უფასოა.

კვირის ამბები