საზოგადოება
11.03.2024 16:39
საქართველოში ონლაინ უნივერსიტეტი ამოქმედდება - რას მოიცავს განათლების რეფორმა, რომლის კანონპროექტთა პაკეტზე მთავრობამ დღეს იმსჯელა

რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა განაცხადა.

როგორც გიორგი ამილახვარმა აღნიშნა, რეფორმის თანახმად, საკანონმდებლო დონეზეც გაჩნდება სრულიად ახალი მიდგომა და უმაღლესი განათლების კანონში  ონლაინ უნივერსიტეტის ცნება დამკვიდრდება.

„მთავრობის სხდომაზე დღეს განხილულ იქნა კანონპროექტთა პაკეტი უმნიშვნელოვანეს საკითხზე. ეს ეხება ელექტრონულ-დისტანციური სწავლების რეფორმას. პრაქტიკულად, ახლებურად ყალიბდება და იცვლება ეს მიმართულება. აქამდე მხოლოდ პანდემიის პირობებში ხდებოდა ფორსმაჟორულ რეჟიმში აღნიშნული სწავლება. ეს ეხება უმაღლეს განათლებას და რიგ შემთხვევებში, პროფესიულ განათლებასაც.

რამდენიმე თვეა ვმუშაობთ როგორც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზზე, ასევე საქართველოში არსებულ გამოცდილებაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რიგ კომპონენტებში, ეს შეეხება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამებს, არსებულ პროგრამებზე გარკვეული წილობრივი დოზით დაშვებული იქნება თეორიული სწავლებები, ასევე ცალკე მიმართულებად შესაძლებელი ხდება როგორც საბაკალავრო, ასევე სამაგისტრო პროგრამების სრულად ელექტრონულად, დისტანციურად, ონლაინ პროგრამების შექმნა და შესაბამისი აკრედიტაციის გავლა და განხორციელება როგორც საქართველოს მოქალაქეებისთვის, ასევე უცხოელებისთვის. არის მესამე მიმართულებაც - საქართველოს მოქალაქეების, რომლებიც სწავლობენ საზღვარგარეთის ქვეყნების ონლაინ ელექტრონულ პროგრამებზე, მათი აღიარების დასაშვებობა, რაც აქამდე იყო აკრძალული. პირველ ეტაპზე ასეთ ქვეყნებად განისაზღვრა ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ბრიტანეთი და აშშ, თუმცა, ასევე, შესაძლებელი იქნება მომავალში ქვეყნების ნუსხის დამატება სანდოობის გათვალისწინებით, რომელიც იმ უნივერსიტეტებს გააჩნიათ ამ ქვეყნებში.

კანონის პროექტით, მისი მიღების შემდეგ გაჩნდება სრულიად ახალი კონცეპტუალური მიდგომა და ტერმინი უმაღლესი განათლების კანონში, ეს არის ონლაინ უნივერსიტეტის ცნება“, - განაცხადა განათლების მინისტრმა.

კვირის ამბები