საზოგადოება
11.03.2024 16:21
გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით - პრემიერ-მინისტრი

ვფიქრობ, უნდა შევიმუშაოთ ,,სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, გარემოს დაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა აღნიშნულ საკითხს მაქსიმალური ყურადღება უნდა დაუთმონ.

„კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც მინდა შევეხო, არის ხე-ტყის უკანონო ჭრის საკითხი. რამდენიმე ადამიანმა მომმართა მე პირადად ამ საკითხებზე, იყო კონკრეტული საუბრები, რომ კონკრეტულ რეგიონებში, ხეობებში იჭრებოდა ტყეები. მე არ მაქვს ფაქტები და მტკიცებულებები, ვერ ვიტყვი ვერაფერს ამაზე, რამდენად არის ეს ფაქტები ნამდვილი, მაგრამ ყველა შემთხვევაში, ჩვენ გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება იმისთვის, რომ მოხდეს ასეთი შესაძლო დანაშაულის პრევენცია. მე მინდა, რომ სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, ასევე ძალოვანმა უწყებებმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტრომ, მაქსიმალური ყურადღება დაუთმოს ამ საკითხს. ზოგადად, ხე-ტყის უკანონო ჭრა, ძალიან მძიმე დანაშაულია, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრას, გამომდინარე იქიდან, რომ ნადგურდება სტრატეგიული რესურსი ჩვენი მომავალი თაობებისთვის და მოსახლეობისთვის. აქედან გამომდინარე, გვჭირდება მაქსიმალური ყურადღება და მაქსიმალური სიმკაცრე, მათ შორის, მე ვფიქრობ, რომ უნდა შევიმუშაოთ ,,სისხლის სამართლის კოდექსში" ცვლილებები, რომელთა საფუძველზეც გამკაცრდება სასჯელები დიდი ოდენობით ხე-ტყის უკანონო ჭრასთან დაკავშირებით და ამ კანონპროექტზე მუშაობას დავიწყებთ დაუყოვნებლივ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირის ამბები