მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე მთავრობის ხელმძღვანელმა ჯანდაცვის მინისტრი წარადგინა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პოსტი მიხეილ სარჯველაძემ დაიკავა.
„გასული ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა კონსულტაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის შესარჩევად. ამ ერთი კვირის განმავლობაში გვქონდა ინდივიდუალური კონსულტაციები, როგორც ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრებთან, ასევე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებთან. კონსულტაციების ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო ის, თუ რამდენად უნდა ყოფილიყო ახალი მინისტრი სამედიცინო წრეების წარმომადგენელი. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურ გუნდში, ისე სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის აზრი იყო ორად გაყოფილი. ერთი ნაწილი მიიჩნევდა, რომ ახალი მინისტრი აუცილებლად სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი უნდა ყოფილიყო. მეორე ნაწილი ზუსტად ამის საპირისპირო მოსაზრებას გამოხატავდა. კონსულტაციების საფუძველზე მივედი დასკვნამდე, რომ მინისტრის პოსტზე შეიძლებოდა როგორც სამედიცინო წარმომადგენლების, ისე სხვა კანდიდატების განხილვა. საბოლოოდ, უპირატესობა მივანიჭე ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრს, რომლის პროფესიონალიზმისა და კეთილსინდისიერების, გამოცდილების მიმართ განსაკუთრებული ნდობა მაქვს. მინდა გაცნობოთ, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად დაინიშნა ბატონი მიხეილ სარჯველაძე“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
2012 წლამდე სარჯველაძე საადვოკატო საქმიანობას ეწეოდა, 2012 წლის შემდეგ კი, მას საჯარო სამსახურში სხვადასხვა თანამდებობა ეკავა. მიხეილ სარჯველაძე იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელი. მოგვიანებით, ის იყო იუსტიციის მინისტრის მოადგილე. შემდეგ ის იყო საპარლამენტო გუნდის წევრი და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე.