5 მარტს იოსებ სტალინის გარდაცვალებიდან 71 წელი გავიდა. საზოგადოებაში მის მიმართ დამოკიდებულება კვლავ არაერთგვაროვანია.
იოსებ ბესარიონის ძე ჯუღაშვილი 1879 წლის 21 დეკემბერს, გორში დაიბადა.
1888-1894 წლებში ჯუღაშვილი გორის სასულიერო საწავლებელში სწავლობდა, რომლის დამთავრების შემდეგაც, სწავლა თბილისის მართლმადიდებლურ სასულიერო სემინარიაში გააგრძელა.
1941 წლის 8 აგვისტოს იოსებ ჯუღაშვილი იმჟამინდელი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის შეიარაღებული ძალებს უმაღლეს მთავარსარდლად - საბჭოთა სახელმწიფოს მეთაურად დაინიშნა, შესაბამისად, სტალინი 1941-1945 წლებში მიმდინარე მეორე მსოფლიო ომში საბჭოთა ჯარს სარდლობდა.
საზოგადოების გარკვეული ნაწილი სწორედ სტალინის სახელს უკავშირებს მეორე მსოფლიო ომის მოგებას და იმჟამინდელი სსრკ-ის თავდაცვის განმტკიცებას, მეორენი კი, 1935-1938 წლების მასობრივ რეპრესიებს, როდესაც „ხალხის მტრების“ სახელით ათობით ათასი ადამიანი გადაასახლეს და დახვრიტეს, მის სახელს უკავშირებენ.
სტალინი 1953 წლის 5 მარტს, 74 წლის ასაკში გარდაიცვალა. 1956 წლის 30 ივნისს კი „ცეკამ“ მიიღო დადგენილება, რომლითაც სტალინის მოღვაწეობის კრიტიკული შეფასება დაიწყო და პიროვნების კულტი დაგმო. სხვა ჯილდოებთან ერთად, სტალინს მინიჭებული ჰქონდა იმჟამინდელი სსრკ-ის უმაღლესი სამხედრო წოდება - გენერალსიმუსი და საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
სტალინის გარდაცვალებიდან რამდენიმე ათეული წლის შემდეგ, საზოგადოებაში დაიწყო აქტიური მსჯელობა იმაზე, რომ სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედ სტალინის მუზეუმებს პროფილი შეცვლოდა და ხაზი გასმოდა საბჭოთა ლიდერის დიქტატურას და ოკუპაციის მუზეუმებად გადაკეთებულიყო.
ასობით ძეგლი, რომელიც განთავსებული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ყოფილი სსრკ-ის რესპუბლიკებში, თანდათან აიღეს. ერთ-ერთი ბოლო მონუმენტი, რომელიც გორის ცენტრალურ მოედანზე იდგა, 2010 წელს აიღეს.
აღნიშნული ძეგლი გორში სტალინის სიცოცხლეშივე - 1952 წელს გაიხსნა. ძეგლი ამჟამად ქალაქგარეთ, ერთ-ერთი კერძო პირის კუთვნილ ტერიტორიაზე ინახება.
ერთ დროს ბელადადწოდებულ სტალინს, ბოლო პერიოდში, ძირითადად, ტირანად და დიქტატორად მოიხსენებენ.