2024 წლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევა 4 მარტს დაიწყო და 29 ივნისამდე გაგრძელდება.
მთავრობის შესაბამისი დადგენილების მიხედვით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა 1500-ით განისაზღვრა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში - 735-ით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში - სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში - 572-ით; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გასაწვევ პირთა მაქსიმალური რაოდენობა კი 295-ით განისაზღვრა.
„18-დან 27 წლამდე ასაკის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევი პირები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებული არიან, გამოცხადდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტოს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ცენტრების სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და რეკრუტირების მუნიციპალურ/რაიონულ განყოფილებებში (შემდგომში – მუნიციპალური/რაიონული განყოფილება), რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
შეგახსენებთ, სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარება 18-დან 27 წლამდე ასაკის პირები, რომლებსაც კანონმდებლობით არ აქვთ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების, ან გაწვევისაგან გათავისუფლების საფუძველი.