,,გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს ვირუსული ინფექციის სიმპტომებით დღეს, დღის მეორე ნახევარში, თვითდინებით 3-მა პირმა მიმართა. აღნიშნული სამი პირიდან, 2 ახალგაზრდა მამაკაცი ირანის მოქალაქეა, ახალგაზრდა ქალი კი - საქართველოს მოქალაქე.
ირანის მოქალაქეების განცხადებით, მათ საქართველოს საზღვარი 23 თებერვალს გადმოკვეთეს. ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები კი დღეს დილით, ხაშურის მუნიციპალიტეტში მოქმედ ერთ-ერთ სასტუმროს ტიპის დაწესებულებაში ყოფნისას შენიშნეს.
„სამმა მოქალაქემ მოგვმართა თვითდინებით. 2 მათგანს აღენიშნებოდა სხეულის მაღალი ტემპერატურა, ხველა, რესპირატორული სიმპტომები. ანამნეზის შეკრებისას, პაციენტები მოთავსდნენ ბოქსირებულ პალატაში, გამოძახებულ იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელი. პაციენტებთან კონტაქტი მიმდინარეობდა ყველა სტანდარტის დაცვით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების შესაბამისად. მნიშვნელოვანია ის ფაქტორიც, რომ აღნიშნული პირები, ვგულისხმობ, ირანის მოქალაქეებს, საქართველოში შემოსულები არიან 23 თებერვალს, შესაბამისად, გასული არ არის ორკვირიანი ვადა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებთან ერთად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება აღნიშნული პაციენტების გადაყვანა მოხდეს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც გუშინდელი დღიდან შექმნილია საკარანტინო ზონა“, - განაცხადა „გორმედის“ ქსელის დირექტორმა ვასილ ჭეიშვილმა.
„გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოდან გორის სამხედრო ჰოსპიტალში აღნიშნული 3 პაციენტის გარდა, მათთან კონტაქტში მყოფი კიდევ ერთი პირი - იმ ტაქსის მძღოლიც გადაიყვანეს, რომელი მანქანითანაც ირანის მოქალაქე მამაკაცები და მათი თანმხლები ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში მივიდნენ.
,,გორმედის“ ქსელის ხაშურის საავადმყოფოს ექიმის, ინგა მაისურაძის განცხადებით, ვირუსული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ირანის მოქალაქეებს - 31 და 34 წლის მამაკაცებს აღენიშნებათ.
მათთან კონტაქტში მყოფ პირებს რაიმე სიმპტომები არ აღენიშნებათ, თუმცა, ჰოსპიტალის საკარანტინო ზონაში მათი გადაყვანის გადაწყვეტილება მოხდა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ მათ გარკვეული პერიოდის განმავლობაში კონტაქტი ჰქონდათ ირანიდან 23 თებერვალს შემოსულ პირებთან.
„მოგვმართა ირანის ორმა მოქალაქემ, ვინაიდან გაირკვა, რომ მათ 23 თებერვალს ჰქონდათ საზღვარი გადმოკვეთილი, შემოსვლისთანავე მოთავსდნენ ბოქსირებულ პალატაში. აღენიშნებოდათ 38 გრადუსი ტემპერატურა, ზოგადი მდგომარეობა არ არის მძიმე. ჩვენ ვაცნობეთ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს, ასევე, გავითვალისწინეთ დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები, მივიღეთ შესაბამისი ზომები, გამოძახებული იყო ბრიგადა და პაციენტები გადაყვანილები არიან გორში“ ,- განაცხადა ინგა მაისურაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში საკარანტინო ზონა 1-ლი მარტიდან ამოქმედდა.