საზოგადოება
04.03.2024 11:41
2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრაცია დღეს დაიწყო

რეგისტრაცია 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, ასევე, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის დღეს, 4 მარტს დაიწყო და 4 აპრილის 18:00 საათზე დასრულდება. 

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინფორმაციით,  2024 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდასა და  სტუდენტთა საგრანტო კონკურსზე 4 მარტიდან რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება ვებგვერდზე: online. naec. ge. მანამდე კი (რეგისტრაციის დღეს), როგორც რეგისტრაციის პროცესის, ასევე გადახდის შესაძლო საშუალებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად გამოსაცდელები უნდა ეწვიონ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდს www. naec. ge .

საგამოცდო ცენტრები კვლავ გაიხსნება: თბილისში, გორში, რუსთავში, თელავში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ოზურგეთში, ბათუმში, ახალციხეში, ხულოსა და ამბროლაურში.

„რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმეეტაპიანია. ძირითად ეტაპზე - 4 აპრილის 18:00 საათამდე, გამოსაცდელმა უნდა შეავსოს პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი, ჩასაბარებელი საგნები. ამ ვადის ამოწურვის შემდეგ გამოსაცდელი გამოცდებზე ვეღარ დარეგისტრირდება. საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა გამოსაცდელებს 15 აპრილის 18:00 საათამდე შეეძლებათ. საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი  მათ აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ“, - აცხადებენ სამინისტროში.

კვირის ამბები