ცხოველის ჯილეხით სიკვდილის შემთხვევაში, მეპატრონეები სახელმწიფოსგან ფულად კომპენსაციას მიიღებენ, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, კომპენსაციის მიღებას შეძლებენ ის პირები, რომელთა პირუტყვიც იდენტიფიცირებულია საყურე ნიშნით და ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაშია (NAITS) აღრიცხული; რომლებსაც უარი არ აქვთ ნათქვამი ცხოველის ვაქცინაცია/რევაქცინაციაზე.
„ცხოველის მფლობელი/მომვლელი ვალდებულია, ცხოველის სიკვდილის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აცნობოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. კომპენსაცია გაიცემა ჯილეხის ლაბორატორიულად დადასტურების შემთხვევაში.
კომპენსაცია არ გაიცემა, თუ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში (ცხოველის ჯილეხის საწინააღმდეგო ვაქცინაცია/რევაქცინაცია) პასუხისმგებელმა პირმა უარი განაცხადა ცხოველის ვაქცინაციაზე და არსებობს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ გაკეთებული ჩანაწერი პასუხისმგებელი პირის მხრიდან უარის განცხადების თაობაზე“, - აცხადებენ სააგენტოში.
რაც შეეხება კომპენსაციას, მის ოდენობას განსაზღვრავს და გასცემს სურსათის ეროვნული სააგენტო, ხოლო გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ შექმნილი კომისია იღებს ჯილეხით ცხოველის სიკვდილის დადასტურებიდან ერთი თვის ვადაში.
ცნობისთვის, კომპენსაციის გადახდის და ოდენობის განსაზღვრის შესახებ წესი 2024 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა (საქართველოს მთავრობის №332 დადგენილება). კომპენსაციის ახალი წესის ამოქმედება კი შესაძლებელი გახდა ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემის (NAITS) პროექტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი მუშაობის შედეგად. NAITS-ის ფინანსური მხარდამჭერები არიან შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (SDC) და ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC).