საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლებისთვის საგაზაფხულო არდადეგები 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს დაიწყება და 14 მარტის ჩათვლით გაგრძელდება, შესაბამისად სასწავლო პროცესი 15 მარტიდან განახლდება.
„სასწავლო წლის განმავლობაში არსებული დასვენების დღეები, ასევე, არდადეგები წინასწარ არის განსაზღვრული და ამ თარიღებს კანონი არეგულირებს.
რაც შეეხება კერძო სკოლებს, ისინი თავად განსაზღვრავენ უქმე დღეების ვადებს და არდადეგების ხანგრძლივობას“, - აცხადებენ უწყებაში.
რაც შეეხება სასწავლო წლის დასრულებამდე დარჩენილ ოფიციალურ უქმე დღეებს, დარჩენილია:
3 მარტი - დედის დღე;
8 მარტი - ქალთა საერთაშორისო დღე;
9 აპრილი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღე, საქართველოს ეროვნული ერთიანობის, სამოქალაქო თანხმობის და სამშობლოსთვის დაღუპულთა მოგონების დღე;
9 მაისი - ფაშიზმზე გამარჯვების დღე;
12 მაისი - ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე;
26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
ოფიციალურად დასვენებაა სააღდგომო დღეები - დიდი პარასკევი, დიდი შაბათი, აღდგომა და მიცვალებულთა მოხსენიების დღე. წელს აღდგომა 5 მაისსაა. შესაბამისად, სკოლებსა და ბაღებში 3 მაისიდან 6 მაისის ჩათვლით დაისვენებენ.