საზოგადოება
01.03.2024 11:28
ადგილობრივი თვითმმართველობა საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შშმ ვეტერანებს და მათ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება

გორის მუნიციპალიტეტის მერია, საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ვეტერანებს და მათ ოჯახებს ფინანსურად დაეხმარება. ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, მერიის სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ფარგლებში, ზემოხსენებული ფულადი დახმარებებით სარგებლობას მხოლოდ ის პირები შეძლებენ, რომლებიც გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არიან რეგისტრირებულები. რაც შეეხება კონკრეტულ თანხებს, საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების და ომის მონაწილეების დახმარება, წელიწადში ერთხელ, 400 ლარის ოდენობით გაიცემა.

საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი შშმ ვეტერანები კი, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით (26 მაისი) 300 ლარს მიიღებენ.

თანხის ანალოგიურ ოდენობას მიიღებენ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით.

საქართველოს თავისუფლების და ტერიტორიული მთლიანობისთვის მებრძოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების დახმარება კი, რომელიც „ვეტერანის დღესთან“ დაკავშირებით გაიცემა (17 ოქტომბერი), 200 ლარს შეადგენს.

დაინტერესებულმა პირებმა თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.

დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge

კვირის ამბები