საგასტროლო ტურნეს ფარგლებში, გორში დღეს, 29 თებერვალს წარმოდგენას ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი გამართავს.
მაყურებელი 19:00 საათზე მიხეილ ბულგაკოვის პიესის - „ბათომის“ მიხედვით, ალექსანდრე ქანთარიას დადგმულ სპექტაკლს - „1902 წელს ბათომში“ (ასაკობრივი ცენზი 15+) იხილავს.
„წარმოდგენისთვის სამზადისი უკვე დაწყებულია. მიხეილ ბულგაკოვის „ბათომი“ გადმოგვცემს XX–ე საუკუნის დასაწყისის შფოთით, რევოლუციური განწყობებით სავსე ეპოქას, როდესაც პოლიტიკურ ასპარეზზე გამოვიდა ისეთი მნიშვნელოვანი ფიგურა, როგორიც იყო იოსებ სტალინი. რა კვალი დატოვა მან ბათუმში, როგორ, რა სახით მოუტრიალდა იოსებ სტალინი მშვიდ, ზღვისპირა ქალაქს – ამას სპექტაკლში იხილავთ, რომელსაც დადგამს ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, ალექსანდრე ქანთარია“, - ნათქვამია გორის თეატრის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა თეატრის სალაროში ან ონლაინ, საიტზე: www. biletebi. Ge უკვე შესაძლებელია.