საზოგადოება
29.02.2024 11:14
მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ჩვენთვის პრიორიტეტია - გორის მერის მოადგილე

გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ნიკა ღვინიაშვილი საკრებულოს წევრებთან ერთად გაეცნო.

ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, გზის რეაბილიტაცია უკვე დაწყებულია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში, სადაც ასფალტის საფართან ერთად, სანიაღვრე არხებიც მოეწყობა. გზის რეაბილიტაცია დასახლების ყველა ქუჩაზეა დაგეგმილი.

„გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. როგორც შიდასაუბნო, ისე ცენტრალური მისასვლელი გზების რეაბილიტაცია ჩვენთვის პრიორიტეტია და მოსახლეობასთან კომუნიკაციის შედეგადაც გამოიკვეთა გზების მოწესრიგების საჭიროება. მნიშვნელოვანია, გამოვყოთ საქაშეთის დევნილთა დასახლების პროექტი, რადგან გორის მუნიციპალიტეტში არსებულ დევნილთა ყველა დასახლებაში მოწესრიგებულია საგზაო ინფრასტრუქტურა, ახლა კი საქაშეთის დევნილთა დასახლებაშიც მოგვარდება პრობლემა“, - აღნიშნა ნიკა ღვინიაშვილმა.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში გზის მოწყობის სამუშაოებს, ბერბუკში, ფხვენიში, მუმლაანთკარში, ქიწნისის მეურნეობასა და ბროწლეთში მიმდინარეობს.

მიმდინარე პროექტების დასრულების შემდეგ, კი მუნიციპალიტეტს 10 კილომეტრამდე რეაბილიტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა შეემატება.

შეგახსენებთ, გზების რეაბილიტაცია რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.

კვირის ამბები