I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის გამოცდებზე რეგისტრაცია 13 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. - ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, გამოცდები 2024 წლის 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება.
„გამოცდაზე გასვლის უფლება აქვს პირს იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.
ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს შემდეგი წესის დაცვით: თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა, თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მსურველებს გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით, რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ჩამონათვალი სამინისტროს ვებგვერდზე: mes . gov . ge /content . php?id=13706&lang=geo შეუძლიათ იხილონ.