გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სასმელი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია გრძელდება.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ ნაწრეტში, ქვემო შავშვებში, ტირძნისსა და ზერტში სასმელი წყლის სისტემების მოწყობის მიზნით ტენდერები გამოაცხადა.
რაც შეეხება დაგეგმილ სამუშაოებს, ახალი ჭაბურღილის მოწყობა ნაწრეტში - 260, ხოლო შავშვებში 95 ოჯახს სასმელი წყლით უზრუნველყოფს.
ტირძნისში (ერთი უბანი) აშენდება წყალსადაწნეო კოშკი, დამონტაჟდება საქლორატორო, შიდა ქსელი, მრიცხველები და ამოიწმინდება არსებული ჭაბურღილი. პროექტის განხორციელების შედეგად წყალი 124 ოჯახს მიეწოდება.
ზერტში კი, დაგეგმილია ჭაბურღილების, წყალსადაწნეო კოშკის, საქლორატოროს, შიდა ქსელის და მრიცხველების მონტაჟი.
შესაბამისი სამუშაოების დასრულების შემდეგ სასმელ წყალს 515 ოჯახი მიიღებს.
ცნობისთვის, აღნიშნულ სოფელში მცხოვრები 878 ოჯახიდან 363 უკვე სარგებლობს ახალი სასმელი წყლის სისტემით, რომელიც 2021-2023 წლებში მოეწყო.