გორის კულტურისა და დასვენების პარკში სამი ახალი სპორტული მოედანი მოეწყობა.
„ახალბაღში“ ჩოგბურთის კორტების, ფეხბურთის და კალათბურთის მოედნების მოწყობის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. სამუშაოების სატენდერო ღირებულება კი 2 163 900 ლარია.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, საპროექტო ტერიტორიაზე მდებარე ამორტიზებული ფეხბურთის მოედანი და ჩოგბურთის კორტები, ექსპლუატიაციის ვადის გასვლის გამო, ვეღარ აკმაყოფილებს შესაბამის სტანდარტებს. ობიექტების მიმდებარედ არსებული თავისუფალი სივრცე კი კალათბურთის მოედნის მოწყობის საშუალებასაც იძლევა.
„სპორტული სივრცეების მოწყობის გარდა, პროექტი, ასევე, მიმდებარედ არსებული დამხმარე შენობის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით მოეწყობა ხელოვნური საფარი, ჩოგბურთის კორტებზე სპეციალური საფარი, ფეხბურთის კარები, კალათბურთის ფარები, ტრიბუნები, სკამები, ღობე, ლითონის შესასვლელი კარები, გარე განათება, სანიაღვრე და საკანალიზაციო ქსელი“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.