ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის ცეკვის უფასო ჯგუფები გაიხსნა. ახალი წამოწყება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხევის“ ერთობლივი პროექტია.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სტუდიას გამოცდილი პედაგოგი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ „ნართების“ ყოფილი მოცეკვავე, „ქორეოგრაფთა კავშირის“ დამსახურებული ქორეოგრაფი რამაზ შიოშვილი გაუძღვება.
ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და სტუდიის ხელმძღვანელმა რამაზ შიოშვილმა პროექტის დეტალების განხილვისას აღნიშნეს, რომ ანსამბლ „ხევის“ წარმატებული დევნილი მოცეკვავეები მოღვაწეობას ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ „ნართებში“ შეძლებენ.
ცეკვის რამდენიმე ჯგუფი „ხევის“ სტუდიის ბაზაზე დაიწყებს ფუნქციონირებას - გორში Hotel Georgia Gold-ის შენობასა (სტალინის გამზირი 26ა ) და ბერბუკის დევნილთა დასახლების მიმდებარედ, სოფელ ხელთუბნის კლუბის შენობაში.
მოსწავლეთა მიღება უკვე დაიწყო. მსურველები ქართულ ხალხურ ცეკვებს შეისწავლიან და სხვადასხვა ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.