საჯარო სამსახურში სტაჟირება იანვრიდან ანაზღაურებადი გახდა, ხოლო სტაჟიორების თანამდებობრივი სარგოს ზღვარი სამი კატეგორიის მიხედვით განისაზღვრება: სახელმწიფო უწყებებსა და თბილისის მუნიციპალიტეტში - 598,5 ლარი; აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკებსა და თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებში - 399 ლარი; მთავრობის მიერ განსაზღვრულ იშვიათი და დეფიციტური პროფესიებისთვის - 1330 ლარი.
გავრცელებული ინფორმაციით, ერთსა და იმავე საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის საერთო ვადა 12 თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
„სტაჟირება შეუძლია გაიაროს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, ასევე, მაგისტრატურის, ან დოქტორანტურის სტუდენტს და კურსდამთავრებულს.
სტაჟირების გავლა შეუძლია პროფესიული სასწავლებლის დამამთავრებელი კურსის სტუდენტსა და კურსდამთავრებულს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2022 წლის ნოემბრიდან სტაჟირება სამუშაო გამოცდილებად ითვლება.