გორის მუნიციპალიტეტის მერია, აუტიზმის სპექტრის მქონე (F84.0; F84.1; F84.9;) ბავშვებს და სკოლიოზით დაავადებულ პირებს მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესში დახმარებას გაუწევს. მერიაში აცხადებენ, რომ დახმარებები განკუთვნილია იმ კატეგორიის ბენეფიციარებისთვის, რომელთა სამედიცინო მოსახურეობის ხარჯებსაც სახელმწიფო პროგრამები ნაწილობრივ, ან საერთოდ ვერ ფარავს. ზოგიერთი კატეგორიის ბენეფიციარის დახმარება კი, დიფერენცირებულია სარეიტინგო სოციალური ქულების მიხედვით.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინფორმაციით, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) სამედიცინო დახმარების წლის ლიმიტი 2000 ლარია.
II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბენეფიციარების (ასაკი: 0-დან 18-წლის ჩათვლით; სოციალური სარეიტინგო ქულა 0-დან 120 000-ის ჩათვლით) სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება კი შემდეგს ითვალისწინებს - საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი საცურაო აუზზე (არაერთჯერადი ფულადი დახმარება; ლიმიტი 300 ლარი).
დახმარებებით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ მოქალაქეებს. მათ თანხის მისაღებად წერილობით უნდა მიმართონ გორის მერიას.
დახმარებების მიღების მიზნით, მერიაში წარსადგენი დოკუმენტების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ როგორც საკრებულოს შესაბამის დადგენილებაში, ასევე ვებგვერდზე: gori. Gov. ge