საზოგადოება
23.02.2024 10:19
საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, გორში ახალი ქუჩა მოეწყობა

გორის მუნიციპალიტეტის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, კიდევ ერთი ახალი ქუჩა მოეწყობა, - ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ცნობით, ქუჩის მშენებლობა მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე გზის სავალი ნაწილის მოსუფთავება და საფუძვლის მოწყობა მიმდინარეობს.

პროექტის მიხედვით, 1033 მეტრი ახალი გზის მშენებლობაა გათვალისწინებული საფეხმავლოებით და პანდუსებით. რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, საყრდენ კედელს, მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, მოაჯირები, რეკრეაციული ზონა და დამონტაჟდება გარეგანათება.

ახალი ქუჩის მოწყობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის და გორის მერიის თანადაფინანსებით ხორციელდება. პროექტზე კი 1 929 590 ლარი დაიხარჯება.

„გოგებაშვილის ქუჩის პარალელური სანაპირო ერთმანეთს პუშკინის ქუჩას და ცხინვალის გზატკეცილს დააკავშირებს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს წმინდაწყლის დასხლებაში, ცხინვალის გზატკეცილზე საგზაო მოძრაობას“, - აცხადებენ გორის მერიაში.

ქუჩის მოწყობის სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ნიკა ღვინიაშვილმა დაათვალიერა და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

კვირის ამბები