საზოგადოება
22.02.2024 14:31
22 თებერვალი ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეა

დღეს, 22 თებერვალს, საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია აღმსარებლისა და სალოსის, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილების აღმოყვანების დღეს აღნიშნავს.

2012 წლის 20 დეკემბერს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის განჩინებით, არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე) წმინდანად შეირაცხა ღირსი მამა გაბრიელი აღმსარებლისა სალოსის სახელით. მისი ხსენების დღედ 2 ნოემბერი დაწესდა.

ათი წლის წინ, 2014 წლის 22 თებერვალს ღირსი მამა გაბრიელის საფლავი გაიხსნა. წმინდა ნაწილები სამთავროს წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების ტაძარში გადაასვენეს, შემდეგ სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს.

2014 წლის 24 თებერვალს, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძრიდან თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გადააბრძანეს და მრევლს საშუალება ჰქონდა, წმინდა ნაწილები მოელოცა. ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში, ღირსი მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან მომლოცველთა ნაკადი არ წყდებოდა და იმ დღეებში სიწმინდეს ასი ათასობით ადამიანი მიეახლა.

2014 წლის 1-ელი აპრილიდან მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები მცხეთაში, სამთავროს წმიდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის ფერისცვალების სახელობის ტაძარშია დაბრძანებული.

კვირის ამბები