განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, დღეიდან პირველკლასელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი დაიწყო და 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით გაგრძელდება. ამ პერიოდის განმავლობაში, რეგისტრაციის გავლა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებს შეეძლებათ.
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლედ შესაძლოა ჩაითვალოს ბავშვი, რომელსაც აქვს: ა) ფიზიკური შეზღუდვა; ბ) ინტელექტუალური განვითარების დარღვევა; გ) სწავლის უნარის დარღევა; დ) სენსორული განვითარების დარღვევა (სმენის და/ან მხედველობის); ე) მეტყველების განვითარების დარღვევა; ვ) ქცევითი და ემოციური დარღვევა; ზ) გრძელვადიანი ჰოსპიტალიზაციის საჭიროება თ) სოციალური ფაქტორებით გამოწვეული სირთულეები სწავლაში, რის გამოც ვერ ძლევს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებს; ი) აუტიზმის სპექტრის მქონე.
რეგისტრაციის II ეტაპი 27 აპრილიდან 8 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ამ პერიოდში სკოლაში დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომელთა: და-ძმა სწავლობს ამ სკოლაში; მშობელი სკოლის თანამშრომელია; ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.
III ეტაპი - საყოველთაო რეგისტრაცია - 13 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
IV ეტაპი 24 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით სკოლებში განხორციელდება. ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ, ვაკანტურ, ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე იმ მოსწავლეების რეგისტრაცია მოხდება, რომლებიც ვერ დარეგისტრირდნენ I, II და III ეტაპებზე, ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.