გორელი ტანმოვარჯიშე ანა ბეთლემიძე ბატუტზე ხტომაში აზერბაიჯანის ტურნირის გამარჯვებული გახდა.
ალიცია ზაქარაშვილმა და მარიამ მელქუაშვილმა ტურნირი მეოთხე და მეხუთე ადგილით დაასრულეს, ცირა ლაფაჩი კი მერვე ადგილზე გავიდა.
გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ოთხივე ტანმოვარჯიშე შოთა ჩოჩიშვილის სახელობის გორის კომპლექსური სპორტული სკოლის აღზრდილია. დამატებით კი სპორტსმენები თბილისში ვარჯიშობენ.
გორელი სპორტსმენები ბაქოში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის მიერ დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად მონაწილეობდნენ.
შეჯიბრში საქართველოს და მასპინძელი აზერბაიჯანის გარდა, ისლანდიის, ლიეტუვის და ყაზახეთის გუნდები ასპარეზობდნენ.
„ჩვენი სპორტსმენებისთვის ეს პირველი გასვლა იყო საერთაშორისო ასპარეზზე. მიღწეული შედეგი კი მისასალმებელია. ვულოცავთ გოგონებს კარგ გამოსვლას. აღსანიშნავია, რომ ბაქოს ტურნირზე სპორტსმენების ასპარეზობაში გარკვეული ფინანსური წვლილი გორის მუნიციპალიტეტის მერიამაც შეიტანა“, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ოთხივე სპორტსმენის მწვრთნელი ქეთევან თოდაძე, ლარისა მძინარაშვილი და ლია დალაქიშვილია. თბილისში კი ისინი როზა ბერიკაშვილთან და ირმა თანდილაშვილი-სოლოღაშვილთან ვარჯიშობენ.