საზოგადოება
21.02.2024 14:54
მშობლიური ენის საერთაშორისო დღე საქართველოში 19 წელია აღინიშნება

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა. ენობრივი და კულტურული მრავალფეროვნების შენარჩუნების, განვითარების და წარმოჩენის მიზნით, ეს თარიღი იუნესკომ 1999 წელს დააწესა. 2000 წლის თებერვლიდან, მშობლიური ენის საერთაშორისო დღე ყოველწლიურად სხვადასხვა ღონისძიებით აღინიშნება მთელ მსოფლიოში.

ამ დღის შემოღება 1952 წლის 21 თებერვალს, ბანგლადეშში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება, როდესაც ბენგალიურის სახელმწიფო ენად გამოცხადების მოთხოვნით გამართული აქციის დროს ოთხი სტუდენტი დაიღუპა.

იუნესკოს შეფასებით, მშობლიური ენა არის იდენტურობის და კულტურული მემკვიდრეობითობის დაცვის და განვითარების უნიკალური ინსტრუმენტი. მსოფლიოს დაახლოებით 6 ათასი ენიდან - ნახევარს, უახლოეს ხანებში გაქრობის საფრთხე ემუქრება.

საქართველოში მრავალი ეთნოსი ცხოვრობს, რომელთა ნაწილისთვისაც მშობლიური ენის შენარჩუნების საკითხი დღესდღეობით განსაკუთრებით აქტუალურია და სპეციალისტები დადებითად აფასებენ განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 2015-16 წწ. შესაძლებელი გახდა საქართველოს ზოგიერთ სკოლაში მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების (ოსური, ასურული, უდიური, ქურთული (კურმანჯი), ავარული (ხუნძური) სწავლება.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ქართული ენის შენარჩუნების საკითხი ძალზე აქტუალური იყო 1978 წელს. იმ პერიოდში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საქართველოში დედაენის დღედ 14 აპრილი გამოცხადდა.

მშობლიური ენის საერთაშორისო დღე - 21 თებერვალი საქართველოში 2005 წლიდან აღინიშნება.

კვირის ამბები