საზოგადოება
21.02.2024 14:49
ცხოველების მოვლა-შენახვის, თავშესაფრის მოწყობის წესების გაცნობის მიზნით, შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოში შეხვედრა გაიმართა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მიკვლევადობის ეროვნული სისტემის (NAITS) პროექტის წარმომადგენლები, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე საკრებულოს წევრებთან ერთად, შინაური მიუსაფარი ცხოველების მართვის შიდა ქართლის ინტერმუნიციპალურ სააგენტოს ესტუმრნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სტუმრებმა ინტერმუნიციპალური სააგენტო დაათვალიერეს, გამოკითხვის შედეგად შეავსეს სააგენტოს შეფასების კითხვარი, სააგენტოს მენეჯმენტსა და დასაქმებულ პერსონალს გაუზიარეს საერთაშორისო პრაქტიკა სააგენტოში ცხოველების მოვლა-შენახვის, თავშესაფრის მოწყობის წესების, ცხოველთა კეთილდღეობის და სხვა საკითხებთან დაკავშირებით.

„სამომავლოდ, დაგეგმილია შინაური ბინადარი ცხოველების რეგისტრაციის ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა, პოპულაციის მართვის სააგენტოებისთვის სტრატეგიული დოკუმენტის და სამოქმედო გეგმის შემუშავება“, - აცხადებენ სააგენტოში.

შეგახსენებთ, პარლამენტში „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტი დაინიცირდა. საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი კანონის პროექტით, შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის თანამედროვე და აპრობირებული მეთოდები დაინერგება. ამასთან, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველსაყოფად, პროექტი მათი სავალდებულო იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის პროცედურის შემოღებას ითვალისწინებს.

კვირის ამბები