სოფლის განვითარების სააგენტო, ალტერნატიული საწვავის ბაზრის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განაცხადების მიღებას აგრძელებს.
უწყების ინფორმაციით, სახელმწიფო პროგრამის მიზანი, მოსახლეობაში, ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის მოთხოვნის სტიმულირებაა.
„სოფლის განვითარების სააგენტოს და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების - „ტყის სექტორის რეფორმის მხარდაჭერა ენერგოეფექტური ღონისძიებების ხელშეწყობით“ ფარგლებში, სააგენტო ახორციელებს ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამას, რაც ითვალისწინებს ერთის მხრივ, ენერგოეფექტური ღუმელების მწარმოებელი მეწარმე ფიზიკური და იურიდიული პირებისთვის ენერგოეფექტური ღუმელის განსაზღვრულ კრიტერიუმებთან (პარამეტრებთან) შესაბამისობის დადგენის ღირებულების თანადაფინანსებას/ანაზღაურებას და მეორეს მხრივ, ენერგოეფექტური ღუმელის ღირებულების თანადაფინანსებას, საქართველოს მოქალაქე სრულწლოვანი ფიზიკური პირისთვის, რომელიც არის ერთი შინამეურნეობის წარმომადგენელი.
რაც შეეხება პროგრამის ამოცანას, გარემოს დაცვა, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენება და კლიმატის ცვლილებების შერბილების ღონისძიებების ხელშეწყობაა რეგიონებში მაცხოვრებელი მოსახლეობისთვის (შინამეურნეობისთვის) ენერგოეფექტური ღუმელების შეძენის თანადაფინანსების გზით“, - აცხადებენ უწყებაში.
პროგრამა ხორციელდება საქართველოს მასშტაბით, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა.
დაინტერესებულ პირებს, მეტი ინფორმაციის გაცნობა შეუძლიათ ვებგვერდზე: rda.gov.ge