საზოგადოება
19.02.2024 16:03
შვილის ავადმყოფობის შემდეგ, გორელმა ჟურნალისტმა საექთნო საქმის შესწავლა გადაწყვიტა

ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ჟურნალისტიკის გარდა, სხვა სფერო თუ დამაინტერესებდა, მაგრამ მათემ ჩემი ცხოვრება თავიდან ბოლოდმე შეცვალა. ახლა, მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს - დავეხმარო სხვა ბავშვებს, ისევე, როგორც ჩემს მათეს დაეხმარნენ სიცოცხლისთვის ბრძოლაში გასამარჯვებლად - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის“ პირად გვერდზე 5 წლის მათე მძინარაშვილის დედა, გორელი ჟურნალისტი დარინა ერაძე წერს.

როგორც დარინა ამბობს, ჟურნალისტკის სფეროში 7-წლიანი სამუშაო გამოცდილების შემდეგ, ახალ პროფესიაზე ფიქრი მას შემდეგ დაიწყო, რაც მის შვილს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და სიცოცხლისთვის წარმოუდგენლად ბევრი დაბრკოლების და სირთულის გადალახვა მოუწიათ. მას შემდეგ კი, რაც  მათე გამოჯანმრთელდა, დარინამ გადაწყვიტა ონკოლოგიური პრობლემების მქონე ბავშვებს ვერაგი დაავადების დამარცხებაში დახმარებოდა.

„ჟურნალისტიკაში აქტიურად ჯერ კიდევ მაშინ ჩავები, როდესაც მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი. ამ სფეროში კარიერის დასრულების აუცილებლობა ჩემი შვილისთვის დასმულმა დიაგნოზმა განაპირობა. 2022 წლის ნოემბერში, მათეს ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს და 9 თვე, ფაქტიურად, იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ვცხოვრობდით. სწორედ აქედან დავიწყე ფიქრი რა შეიძლება გამეკეთებინა იმისთვის, რომ ჩემი შვილს მკურნალობის პროცესში ნაკლები სტრესი მიეღო და სამედიცინო მანიპულაციები, იქნებოდა ეს გადასხმა, კათეტერის ჩადგმა თუ სხვა, მე თვითონ გამეკეთებინა. მიუხედავად იმისა, რომ იქაური სამედიცინო პერსონალი მართლაც თავდაუზოგავად ზრუნავდნენ პაციენტებზე“, - აღნიშნა დარინა ერაძემ „გორის მაცნესთან“ საუბრისას.

როგორც დარინა ამბობს, სწორედ მისი შვილის მკურნალი ექიმების და ექთნების პაციენტებისადმი დამოკიდებულებამ და მადლიერების გრძნობამ განაპირობა სერიოზულად დაფიქრებულიყო პროფესიის შეცვლაზე. ამასთან, მოუწია ბევრი ინფორმაცია შეეგროვებინა დაავადების შესახებ, რომელსაც მისი შვილი ებრძოდა.

„კლინიკიდან გამოწერის შემდეგაც, ჩემს შვილს დღემდე უწევს ქიმიოთერაპიების ჩატარების შემდეგ სხვადასხვა ტიპის მკურნალობა, რომელსაც უკვე დამოუკიდებლად ვუტარებ. ყოველივე ამის გათვალისწინებით, მე ვთქვი, რომ აუცილებლად დავეხმარები მათეს სახელით სხვა ბავშვებსაც. ექთნის პროფესიის შესწავლა უკვე დავიწყე სასწავლებელში და ექვსთვიანი კურსის დასრულების შემდეგ, მზად ვიქნები, ჩემი პრაქტიკული და თეორიული ცოდნით ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების გამოჯანმრთელებისთვის ბრძოლაში ჩავება“, - აღნიშნა დარინა ერაძემ.

 

კვირის ამბები