საზოგადოება
19.02.2024 16:03
საქართველო რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას შეუერთდა

საქართველო ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რადიაციის მონიტორინგის საერთაშორისო სისტემას (IRMIS) შეუერთდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მფლობელობაში არსებული გარემოს რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებიდან გამოსხივების მაჩვენებლები ავტომატურად მიეწოდება IRMIS სისტემას და მიმდინარე რეჟიმში აისახება საერთაშორისო რუკაზე.

 „IRMIS სისტემაში ჩართვა ადასტურებს საქართველოს ერთგულებას ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი საერთაშორისო სამართლებრივი რეჟიმის და საერთაშორისო თანამშრომლობის მიმართ. ამგვარი ჩართულობა მნიშვნელოვნად აძლიერებს საერთაშორისო თანამშრომლობას მოსახლეობისა და გარემოს დაცვის მიზნებისთვის“, - აღნიშნა ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს უფროსმა ხატია ჯიქურიძემ.

„საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით შექმნილი IRMIS სისტემა მნიშვნელოვანი მექანიზმია ბირთვული, ან რადიოლოგიური საგანგებო სიტუაციების ადრეული შეტყობინების და რეაგირების მართვის პროცესში. სისტემაში ჩართული სახელმწიფოების მონაცემები ბუნებრივი რადიაციული ფონის მიმდინარე რეჟიმში მონიტორინგის და, შესაბამისად, ეფექტიანი გადაწყვეტილებების დროული მიღების შესაძლებლობას იძლევა.  

ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოს მიერ რადიაციული ფონის მონიტორინგის სადგურებზე განხორციელებული ტექნიკური ღონისძიებების და პროგრამული უზრუნველყოფის შედეგად, საქართველომ შეიძინა IRMIS სისტემის რიგით 50-ე კონტრიბუტორი სახელმწიფოს სტატუსი“, - აცხადებენ უწყებაში. 

კვირის ამბები