18 თებერვალი გიორგი მახარობლიძის დაბადების დღეა. თარიღთან დაკავშირებით, პოეტის მეგობრების ინიციტივით, გიორგი მახარობლიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი პოეზიის საღამო გაიმართა.
ღონისძიება გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.
საღამოს გიორგი მახარობლიძის ოჯახის წევრები, მეგობრები და თანამედროვე ავტორები ესწრებოდნენ.
სტუმრებმა პოეტთან ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და მახარობლიძის შემოქმედებიდან ლექსები წაიკითხეს.
„გიორგი ჩემთვის იყო ერთი ალალი, მართალი კაცი, რომელიც ღმერთმა დააჯილდოვა პოეზიის ნიჭით. საოცრად სუფთა და კამკამა პოეზიას ქმნიდა. ვმადლობ ღმერთს, რომ ვმეგობრობდი მასთან და ბევრი საერთო გვქონდა, როგორც წმინდა ადამიანური, ასევე შემოქმედებითი კუთხით“, - „გორის მაცნესთან“ საუბრისას აღნიშნა პოეტის მეგობარმა თამაზ მაყაშვილმა.
შეგახსენებთ, გიორგი მახარობლიძე 1960 წლის 18 თებერვალს დაიბადა. ცნობილი პოეტი, 2017 წელს, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.