საქართველოში კორონავირუსის დაფიქსირებისა და არსებული რეალობიდან გამომდინარე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა სწავლა შეაჩერა.
როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კანცლერმა, გიორგი ხორბალაძემ GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, არსებული სიტუაციისა და მინისტრის რეკომენდაციის საფუძველზე, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო.
„უნივერსიტეტში სწავლა გასულ კვირას განახლდა, თუმცა, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, ერთი კვირით შევაჩეროთ სასწავლო პროცესი. ამ დროის განმავლობაში, დავაკვირდებით რეალობას და იმის გათვალისწინებით ვიმოქმედებთ შემდგომშიც. ამასთანავე, გეტყვით, რომ ამ პერიოდში მოხდება შენობის სანიტარულ-ჰიგიენური დამუშავებაც“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გიორგი ხორბალაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლების სამინისტრომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს პროფილაქტიკის მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების რეკომენდაცია გუშინ მისცა. ამასთან, მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ ეს პროცესი გაზაფხულის სემესტრის დაწყების გადავადებას მოითხოვს, უნივერსიტეტებმა, საკუთარი ავტონომიის ფარგლებში, თავად უნდა განსაზღვრონ სწავლის დაწყების თარიღი.