გორის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს, როგორც ქალაქში, ასევე მუნიციპალიტეტის სოფლებში, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი პირადად გაეცნო და შესაბამისი სამუშაოები ადგილზე მოინახულა.
რაც შეეხება კონკრეტულ პროექტებს, 1 500 მეტრ გზის მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგება უკვე დაიწყო ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში. 2 300 მეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს ტყვიავი - მარანას მონაკვეთზე. სამუშაოები, ასევე, დაწყებულია არაშენდის გზაზე და საქაშეთის დევნილთა დასახლებაშიც.
„გორიც მაცნეს“ ინფორმაციით, 2 ახალი ქუჩის მოწყობა მიმდინარეობს გორში - წმინდაწყლის დასახლებაში, გვერდწითელის ქუჩის გაგრძელებაზე და მდინარე მეჯუდის მარჯვენა სანაპიროზე.
„ახალი გზების მშენებლობა მნიშვნელოვნად განტვირთავს ტრანსპორტის მოძრაობას. ასფალტის საფარის დაგება მალე დაიწყება ბაქოს ქუჩაზეც, სადაც ამ ეტაპზე ტროტუარების მოწყობა მიმდინარეობს. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, საქაშეთში სპორტული მოედანი მოეწყობა. პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით ხორციელდება“, - აღნიშნავენ მერიაში.