უახლოეს მომავალში შიდა ქართლში, კერძოდ, კასპში დიალიზის სერვისი ამოქმედდება.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, წელს დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა. ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა, შესაბამისად, ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.
„გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან მანამდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.
დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად 2600 პაციენტს ემსახურება“, - აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
შეგახსენებთ, პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც სამედიცინო მომსახურება ეტაპობრივად ამოქმედდა.