საზოგადოება
16.02.2024 12:48
„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ – ახალგაზრდობის სააგენტო კონკურსს აცხადებს

„საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი გაეროში“ - ახალგაზრდობის სააგენტო საგრანტო კონკურსს აცხადებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა 18-დან 25 წლამდე (კონკურსის დასრულებამდე კანდიდატის ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 25 წელს) ასაკის საქართველოს მოქალაქეს შეუძლია, რომელსაც აქვს სრული ზოგადი განათლება.

კანდიდატი უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს (წერა და საუბარი), იცნობდეს ახალგაზრდულ სფეროში მიმდინარე პროცესებს, ჰქონდეს ინფორმაცია ახალგაზრდობის სააგენტოს, საქართველოში გაეროს წარმოდგენილი სტრუქტურების, ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის შესახებ და იცნობდეს საკონკურსო თემატიკას.

რაც შეეხება გამარჯვებულს, შესაძლებლობა ექნება გაემგზავროს ამერიკის შეერთებულ შტატებში და გაეროს გენერალური ასამბლეის სოციალურ-ეკონომიკური საბჭოს ახალგაზრდულ ფორუმში მიიღოს მონაწილეობა;ფორუმზე ისაუბროს ქართველი ახალგაზრდების საჭიროებებსა და გამოწვევებზე, გაეროში ახალგაზრდა ელჩების ინსტიტუტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა რეზოლუციის და დეკლარაციის შემუშავებაში და მანდატის ფარგლებში, ქართველ ახალგაზრდებს გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების და მიმდინარე მნიშვნელოვანი პროცესების შესახებ გაუზიაროს ცოდნა.

„აღნიშული საგრანტო კონკურსი პროგრამის „გაეროში ახალგაზრდა დელეგატები“ ნაწილია, რომელიც ახალგაზრდებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს. კონკურსის ერთ-ერთი ამოცანაა ოკუპაციის პირობებში მცხოვრები ახალგაზრდების გამოწვევების განსაზღვრა და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესების დაცვა, მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის შედეგად შერჩეულ წარმომადგენელს მიენიჭება ერთწლიანი მანდატი და 30 000 ლარით დაფინანსდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დაინტერესებულ პირებს განაცხადის წარდგენა ელექტრონულ მისამართზე: UN . Rep @ youthagency . gov . ge შეუძლია. განაცხადის გაკეთების ბოლო ვადა 2024 წლის 25 თებერვალია.

კვირის ამბები