საზოგადოება
16.02.2024 12:36
,,ტექნიკური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში, ფერმერების მხარდაჭერა გრძელდება

სოფლის განვითარების სააგენტო, „ტექნიკური დახმარების პროგრამის" ფარგლებში, ბენეფიციარების მხარდაჭერას აგრძელებს, რაც სახელმწიფო პროდუქციის/მომსახურების ბრენდირებას და შეფუთვას მოიცავს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მიღება სოფლის განვითარების სააგენტოს პროგრამებში ჩართულ ბენეფიციარებს შეუძლიათ, თუმცა, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შემთხვევაში, აღნიშნულ პროექტში ჩართვისთვის არ არის აუცილებელი, რომ მას მონაწილეობა ჰქონდეს მიღებული სააგენტოს რომელიმე პროგრამაში.

„აღნიშნული შესაძლებლობა დაგეხმარებათ, გახადოთ თქვენი პროდუქტი გამორჩეული და დასამახსოვრებელი მომხმარებელთათვის, ეს კი უზრუნველყოფს თქვენ მიერ წარმოებული პროდუქციის/მომსახურების კონკურენტუნარიანობის გაზრდას როგორც შიდა, ისე უცხოურ ბაზრებზე.

თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 50%-ით და არაუმეტეს 15,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში - მაქსიმუმ 30% და არაუმეტეს - 10,000 ლარით.

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში კი, თანადაფინანსება განისაზღვრება მაქსიმუმ 80%-ით და არაუმეტეს 20,000 ლარით. დონორი ორგანიზაციის თანამონაწილეობის შემთხვევაში - მაქსიმუმ 40%-ით და არაუმეტეს - 10,000 ლარით“, - აცხადებენ სოფლის განვითარების სააგენტოში.

კვირის ამბები