15 თებერვალი ბავშვთა ონკოლოგიური დაავადებების მსოფლიო დღეა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველწლიურად მსოფლიოში 300000-ზე მეტი 19 წლამდე ასაკის ბავშვი და მოზარდი ავადდება კიბოთი, რომელთა შორის ყოველი ათიდან რვა ცხოვრობს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებში და მათი გადარჩენის მაჩვენებელი 20%-ის ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა მაღალშემოსავლიან ქვეყნებში იგივე მაჩვენებელი 80%-ს აღემატება.
ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე პროგრამას ახორციელებს ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ. სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წელს, სახელმწიფომ, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების სამკურნალოდ კიდევ ერთი უპრეცედენტო პროგრამა დაიწყო - ყველა ბენეფიციარს, მკურნალობა, როგორც საქართველოში, ისე ესპანეთის, ისრაელისა და თურქეთის წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში სრულად უფინანსდება.
სულ ცოტა ხნის წინ კი, პროგრამა გაფართოვდა და 3 ახალი კლინიკა დაემატა - ბენეფიციარებს, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას „აჯიბადემის ჰოსპიტალი“, „ლივ ჰოსპიტალი“ და „ჰოსპიტალი მემორიალი“ უკვე აწვდიან.
ამ დროისთვის, ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების მკურნალობა უკვე 6 კლინიკაშია შესაძლებელი, მათ შორის ისრაელისა და ესპანეთის მაღალტექნოლოგიურ, მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრებში.
ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამაში, 2023 წლის აგვისტოდან დღემდე, 50-ზე მეტი ბავშვია ჩართული. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება დიაგნოსტიკა და მკურნალობის კურსი: ქიმიოთერაპია, სხივურ თერაპია, ოპერაციული ჩარევა და პროტონოთერაპია.