საზოგადოება
14.02.2024 17:17
გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა

გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიის ეზოში წმინდა მეფის - დავით აღმაშენებლის ძეგლის გახსნის ცერემონია გაიმართა.

აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძარში გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ (გვაზავა) პარაკლისი აღავლინა. მსახურებას  აკადემიის რექტორი ბრიგადის გენერალი მამია ბალახაძე პირად შემადგენლობასთან და სტუმრებთან ერთად ესწრებოდა. პარაკლისის დასრულების შემდეგ კი აკადემიის რექტორმა, სტუმრებთან ერთად, საზეიმოდ გახსნა წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის ძეგლი და დავით აღმაშენებლის ღვაწლზე ისაუბრა.

ცერემონიის დასასრულს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა მამია ბალახაძემ ძეგლის ავტორი გიორგი დარსაველიძე ,,საპატიო დაფით“ დააჯილდოვა.

„ეს არის კიდევ ერთი ახალი ფურცელი თანამედროვე აკადემიის ისტორიაში. საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ისტორია, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან იწყება და დაარსებიდან დღემდე არაერთი მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა“, - აღნიშნულია თავდაცვის აკადემიი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში,

შეგახსენებთ, ეროვნული თავდაცვის აკადემიას დავით აღმაშენებლის სახელი 2003 წლის 20 თებერვალს  მიენიჭა.

კვირის ამბები